ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ მაია ახალკაცთან

ღონისძიებები

23 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, მაია ახალკაცთან.

საუბრის თემა: ადგილობრივი კულტურული მცენარეების მრავალფეროვნება და გენეტიკური ეროზია საქართველოს მაღალმთის რეგიონებში

სოფლის მეურნეობა საქართველოს მაღალმთის რეგიონებში ისტორიულად მოიცავდა ადგილობრივ უძველეს კულტივარებს, რომლებიც ადაპტირებულია ალპური ზონის კლიმატურ პირობებთან. მაღალმთიანი რეგიონების აბორიგენული კულტივარების გენეტიკურმა ეროზიამ უკიდურეს დონეს მიაღწია 1990-იანი წლებიდან და სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად გაუქმდა მაღალმთის სოფლებში, სადაც მოსახლეობა ძალიან შემცირდა მიგრაციის გზით ქალაქებსა და უცხოეთის ქვეყნებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონები უძველესი დროიდან იყოფოდა ორ ზონად: დაბლობი (0-1300 მ ზღვის დონიდან) და მთა (1300-2200 მ ზღვის დონიდან). ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ყურძნის მოყვანას და ღვინის დამზადებას ბარის რეგიონებში; მთის ზონაში კი ისტორიულად მოჰყავდათ მხოლოდ მარცვლეული, პარკოსნები, მწვანილი და ხილი. თუმცა, ვაზის რამდენიმე ჯიში ნაპოვნია მაღალმთის რეგიონშიც (1500 მ-მდე). კულტივარების აბორიგენული ჯიშების მასალა შენახულია გენბანკსა და ცოცხალ კოლექციებში. ჯიშები, რომლებიც ადაპტირებულია ალპური ზონის კლიმატთან, კვლავ უნდა დაბრუნდეს მაღალმთის რეგიონებში. ეს ჯიშები მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სელექციის მიმართულებით, როგორც დაავადებისადმი რეზისტენტული კულტივარები. შესაბამისად, სამთავრობო დაწესებულებების მხარდაჭერა მიმართული უნდა იყოს ადგილობრივი ფერმერების რე-ინტროდუქციაზე უძველესი კულტივარების ბაზარზე გატანისა და მათი გენოფონდის შენარჩუნებისთვის; აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო მიღწევები არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ კულტივარების მაღალი სარგებლისკენ და ტრადიციული საკვები უნდა განიხილებოდეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღი საკვები, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.

შეხვედრის დრო: 23 აპრილი 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები