ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ნათია კოპალიანის საჯარო ლექცია - ”კავკასიური ნაგაზი და მგელი”

ღონისძიებები

31 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის სრულ პროფესორთან, ნათია კოპალიანთან.

საუბრის თემაა: კავკასიური ნაგაზი და მგელი - ხდება თუ არა გენთა მიმოცვლა რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ მოშინაურებულ ძაღლებსა და ველური მგლების პოპულაციებს შორის დღემდე და როგორია მისი სიხშირე კავკასიაში?

კავკასიონის მთებში მცხოვრები მწყემსებისთვის ნაგაზი ცხვრის ფარის დაცვისას შეუცვლელი თანაშემწეა. ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ მეცხვარე ძაღლების ნაწილი შეიძლება სანახევროდ მგელი იყოს.

კვლევამ, რომელიც მგლის ადამიანის სამოსახლოსთან ხშირი გამოჩენის და საქონელზე თავდასხმის მიზეზების შესწავლის მიზნით დაიწყო, აჩვენა მგელსა და ძაღლს შორის მიმდინარე ჰიბრიდიზაციის გაცილებით მაღალი სიხშირე, ვიდრე ეს ევროპაში იყო ნანახი. ცნობილია, რომ ჰიბრიდები ნაკლებად უფრთხიან ადამიანებს, ამიტომ აღნიშნული პროცესის, როგორც თავდასხმის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზის, გამოვლენა მნიშვნელოვანი იყო. ამისათვის შესწავლილი იქნა მგლების და მეცხვარე ძაღლების მიტოქონდრიული და ბირთვული დნმ-ი. მგლების 10% და ძაღლების 20% ჰიბრიდული წარმოშობისა აღმოჩნდა, მგლების და ძაღლების 3% კი - პირველი თაობის ჰიბრიდები.

კვლევამ აჩვენა, რომ მგლის მოშინაურებიდან მრავალი ათასი წლის შემდეგ მგლისა და ძაღლის პოპულაციებს შორის გენთა მიმოცვლა არცთუ იშვიათი პროცესია და გავლენა აქვს როგორც ძაღლების, ისე მგლების პოპულაციებზე.

მოხსენება შეეხება ჰიბრიდიზაციის პროცესს ძაღლისნაირებში, მის გავლენასა და მიმართულებებს, იმას, თუ როგორ ცვლის იგი ძაღლისა და მგლის ქცევას, და მგლის მოშინაურების საკითხებს.

შეხვედრის დრო: 31 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები