ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საჯარო დებატები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის საკითხზე იდებატებენ. საჯარო დებატები, თემაზე: "ავღანეთში ქართული ჯარების მსახურება გამართლებულია" პროექტ "სტუდენტური დებატები პოლიტიკური რეფორმის მხარდაჭერისთვის" "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" ორგანიზებით 28 მაისს, 11:00 საათზე (101-ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)  გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის დებატკლუბის წევრი სტუდენტები.

წარმოდგენილი იქნება ორი მხარე, ერთი დაამტკიცებს ამ პოზიციას და მეორე უარყოფს. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმართა შორის არიან ილიას უნივერსიტეტისა და ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატი, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, ყოფილი და მოქმედი მოდებატე სტუდენტები და მოსწავლეები. დებატების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

საჯარო დებატი აღნიშნულ თემაზე წარმოადგენს "დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა" და უნივერსიტეტების დებატების კლუბის ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის გარშემო საჯარო დისკუსიის არსებობასა და პრობლემური საკითხების საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. მიმდინარე თემა შერჩეულია მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, როგორც სტუდენტების, ასევე საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. პროექტ "სტუდენტური დებატები პოლიტიკური რეფორმის მხარდაჭერისთვის" ფარგლებში კიდევ იგეგმება სტუდენტური დებატების სპეციალური ტურნირის ორგანიზებაც.

პროექტი - "სტუდენტური დებატები პოლიტიკური რეფორმის მხარდაჭერისთვის - ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბანერები