ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატის, ნანა ექვთიმიშვილის, საჯარო ლექცია: ტექსტი და სინამდვილე

ღონისძიებები

24 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი და კინორეჟისორი, ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი, ნანა ექვთიმიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ტექსტი და სინამდვილე. ის თავისი სადებიუტო რომანის, „მსხლების მინდორის“, შექმნის პროცესზე ისაუბრებს და განიხილავს, თუ რა კავშირი აქვს ტექსტს არსებულ რეალობასთან.
„მსხლების მინდორი“ 2015 წელს გამოცემული რომანია, რომელიც 1990-იან წლებში თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის სკოლა-ინტერნატის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ინტერნატი, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება, თბილისში ნამდვილად არსებობდა და ახლაც არსებობს. იქ ნამდვილად ცხოვრობდნენ ბავშვები, და იმ სექსუალური თუ სხვა ტიპის ძალადობის შესახებ, რაც რომანშია აღწერილი, ავტორმა თავად ბავშვებისაგან შეიტყო.
რა არის ნაწარმოებში ნამდვილი და რა გამოგონილი? სად არის ზღვარი ტექსტში სინამდვილესა და წარმოსახულს შორის? - ნანა ექვთიმიშვილი შეეცდება, ამ კითხვებს უპასუხოს.

მომხსენებლის შესახებ
ნანა ექვთიმიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. დაამთავრა გერმანიის კონრად ვოლფის სახელობის პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „არილი“ 1999 წელს.
რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, მან რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა, ხოლო მისი პირველი რომანი, „მსხლების მინდორი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა და 10 000-ლარიანი პრემია მიიღო.

დრო: 24 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები