ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება

ღონისძიებები

14 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის დაბადების დღეზე, რომელზეც ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა(რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი 7 ფინალისტი რომანია:

  • კლოდ სიმონი, „ფლანდრიის გზა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ – მთარგმნელები: ილია გასვიანი, ანზორ აბჟანდაძე
  • ორჰან ფამუქი, „მე წითელი მქვია“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლია ჩლაიძე
  • კნუტ ჰამსუნი, „მისტერიები“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
  •  ვირჯინია ვულფი, „გზა შუქურისკენ“ – ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
  • რობერტ მუზილი, „უთვისებო კაცი", ტომი II – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: მაია ბადრიძე
  • უილიამ ფოლკნერი "დროშები მტვერში“ - გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
  • უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“ - გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.
გარდა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულისა დაჯილდოვდებიან ილიაუნის ლიტერატურული კლუბის წლის საუკეთესო მომხსენებელი და კლუბის ვიქტორინის გამარჯვებულები - ყველაზე აქტიური მკითხველები.

დასწრება თავისუფალია.

გელით ყველას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები