ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ტედ ჰიუზის „ყვავი – მისი ცხოვრება და სიმღერები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ ტედ ჰიუზის „ყვავი – მისი ცხოვრება და სიმღერები“ პრეზენტაციაზე.

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა.

გამოცემას მთარგმნელი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია წარადგენენ.

ტედ ჰიუზის წიგნის არსი პირადი სივრციდან, მათ შორის პირადი პოეტური გამოცდილებიდან, გასვლის მცდელობაა. ეს არის უცნაური და რაღაც გაგებით ახირებული ეპოსი ორი გამჭოლი პერსონაჟით – ღმერთითა და მისი ქმნილებით, ყვავით. პოეტი ქმნის მიკროსამყაროს, რომელსაც გამოცლილი აქვს ლოგიკა, ჰუმანიზმი, ქრისტიანული მორალი. არადა წიგნი უხვადაა გაჯერებული ბიბლიური და მითოლოგიური, ისტორიული და პრეისტორიული ალუზიებით, თუმცა დარღვეულია ყოველგვარი კავშირი მათ შორის. ყვავი იცვლის სიუჟეტებს, გადაადგილდება დროსა და სივრცეში, ჩნდება და იკარგება.

ეს არის თამამი, მეტიც, თავხედური ექსპერიმენტი, რომელშიც პოეტი ამეტყველდა არა ცხოველებისა და ფრინველების, მცენარეებისა და ელფების, არამედ ცხოვრების ენით! მან სცადა, შეექმნა ცხოვრების სტიქიურობისა და აბსურდულობის პოეტური ეკვივალენტი.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

დრო: 28 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები