ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ლიტერატურული ექსპერიმენტია. წიგნი სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: „მოწითალო“, პოემა პროზაული ჩანართებით, აღწერს პოეტის ამაღელვებელ, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის წარსული იტალია რომის მემკვიდრეობით, რომელზეც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დაშენდა, და ულტრათანამედროვე, ბრენდებითა და ტურისტებით სავსე ქალაქები. ორივე იტალიის ქუჩებში იტალიის დიდებულ გმირებთან ერთად გამუდმებით ვხვდებით განსხვავებული ეპოქებიდან და სივრცეებიდან მოსულ ადამიანებს, მათ შორის ეგნატე ნინოშვილს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ სინამდვილეში ამ ნაწარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; „და“ მხოლოდ ერთი ლექსია და ერთგვარი ამოვარდნაა მთლიანი კრებულიდან, განსხვავებული ლირიული ხასიათით ის თითქოს ცალკე დგას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მკითხველს, თან, ამავე დროს, ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს; „მოშავო“ ლექსების კრებულია, რომელიც ქართული რეალობისა და ავტორის პირადი განცდების ასახვას წარმოადგენს. ყოველ ლექსს აქვს ერთი საერთო ნიშანი – უდიდესი გულწრფელობა, რომლითაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ჰყვება ხან საკუთარ, ხან სახელოვან ადამიანთა, ხანაც უბრალო მოკვდავთა სულისშემძვრელ ამბებს.

დრო: 10 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები