ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პროფესორ ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“

ღონისძიებები

28 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ფილოლოგ ლევან ცაგარლის ლექციაზე: „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“.

გივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის კაპიტანი ვაკუში პირველ რომანში (დოიქსილანდში) სივრცე განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვის მატარებელია. ნეოლოგიზმებით „დოიქსილანდი“ და „დიქსილანდი“ რომანში იქმნება თავისებური ტოპოლოგიური დაპირისპირება, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიულ (გერმანია და დასავლეთ ევროპა), რამდენადაც იდეოლოგიურ (ნაციზმი და ლიბერალიზმი) და პოლიტიკურ (ტოტალიტარიზმი და დემოკრატია) პოზიციებთან. მოხსენებაში გაანალიზდება ტექსტში მოცემული ძირითადი სივრცობრივი ელემენტები — „დიქსიგზა“, „მოსაცდელი ციხესიმაგრეები“, „სახლუკები“ და „კავკასიური საჰაერო კოშკი“, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც კლასიკური სტრუქტურალიზმის ფარგლებში შემუშავებული ანალიტიკური მოდელები (ლოტმანი), ისე სივრცობრივი გადატრიალების შედეგად კულტურის კვლევებში დამკვიდრებული თეორიული მიდგომები (დელიოზი და გატარი, ფუკო). ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდება ის ძირითადი მახასიათებელი, რომლითაც ნაცისტური ხანის გერმანიის ტოტალიტარული სივრცე იმიჯნება, ერთი მხრივ, მის მიერ მტრად აღქმული უცხოეთისგან, და, მეორე მხრივ, თავად ამ სივრცეში დაფარული სუბკულტურული და ჰეტეროტოპიული ადგილებისგან. სახელდობრ, ე. წ. სახლუკებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერტიკალურობითა და მდგრადობით ხასიათდებიან, დიქსიგზა და მასზე განლაგებული „გაჩერებები“ (ღამის ბარები) განირჩევიან ჰორიზონტალურობითა და დინამიკურობით. ამგვარი სივრცობრივი დისპოზიცია ემსახურება პროტაგონისტის, როგორც კულტურათა შორის მავალის, სუბვერსიული პროფილის გამოკვეთას.

დრო: 28 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები