ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთის“ შესახებ

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ თამარ ჯაფარიძესთან.

შეხვედრის თემა: თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის, რომანი „წვრილმანების ღმერთი“, რომელიც ქართულად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.

რომანის შესახებ

არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო, ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.

„წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია - „ბუკერი“ მიანიჭა. მწერლის სამშობლოში აგრესიულად შეხვდნენ „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი. მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.

თამარ ჯაფარიძეს ასევე თარგმნილი აქვს: ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“, ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“, მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელი“ და სხვ.

დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები