ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ცაგარლის ლექცია – „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გერმანელი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გერმანისტისა და ლიტერატურათმცოდნის, ლევან ცაგარლის ლექციაზე: „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“.

ჰაინრიჰ ბიოლში, ერთი მხრივ, აფასებენ კრიტიკულად მოაზროვნე, საზოგადოებრივად აქტიურ ინტელექტუალს, ერთგვარ მორალურ ინსტანციას, რომელიც აზრის თავისუფლების სადარაჯოზე დგას, მეორე მხრივ, მას მიიჩნევენ მწერლად, რომლის შემოქმედებასაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ომის შემდგომი ხანის გერმანულენოვანი ლიტერატურის განახლების საქმეში. თუმცა მისი ლიტერატურული საქმიანობის შეფასებაც არაა ერთგვაროვანი. მის ნაწარმოებებს იწუნებენ მარტივი სტილის, ჩვეულებრივი ენობრივი ქსოვილის, პროვინციულობის, პატარა ადამიანთა სოციალური გარემოთი შემოფარგვლის, თხრობის რთული ესთეტიკური ფორმების შექმნის უუნარობის გამო. კრიტიკოსები მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდებიან, სახელდობრ, იმაზე, რომ ჰაინრიჰ ბიოლის გარდა არც ერთი სხვა ავტორის შემოქმედებაში არ ქცეულა განსჯისა და კრიტიკის ობიექტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სინამდვილე ისე უწყვეტად და სიღრმისეულად, როგორც ეს ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებებში ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჰაინრიჰ ბიოლის, როგორც მწერლისა და მოაზროვნის, ღვაწლი ერთი ქვეყნის ერთი კონკრეტული ისტორიულ-სოციალური ვითარების გადმოცემამდე დაიყვანება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მისი ნააზრევი სრულიად უცხო და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია სხვა ეპოქებისა და ქვეყნებისთვის. რამდენად მართებულია ამგვარი შეფასებები? ნამდვილად დაკარგული აქვს ჰაინრიჰ ბიოლის მემკვიდრეობას აქტუალობა თანამედროვე სამყაროში? მართლაც უმნიშვნელოა მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ესთეტიკური თვალსაზრისით? და რამდენად გამოსადეგი და გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს ჰაინრიჰ ბიოლის ნააზრევი დღევანდელ საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიზანშეწონილია, გავიხსენოთ ამ „კიოლნელი კეთილი ადამიანის“, „მუდმივი დავის საგნად ქცეული კლასიკოსის“ ცხოვრება და შემოქმედება და დავაკვირდეთ მას ისეთ რაკურსში, რომლითაც გამოაშკარავდება, რამდენად ახლობელი, აქტუალური, დამაფიქრებელი, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა გასული საუკუნის ამ მოაზროვნის დანატოვარი არა მხოლოდ ომის შემდგომი ხანის გერმანულ, არამედ დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ მდგომარეობასთან მიმართებაშიც.

დრო: 18 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები