ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლაშა ბუღაძის რომანის „პატარა ქვეყანა“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

1-ლ მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ლაშა ბუღაძის ახალი რომანის „პატარა ქვეყანა“ პრეზენტაციაზე.

„პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში; რას ეგუებოდა და რას უძალიანდებოდა; რა მოსწონდა და რა – არა; როგორ შეირაცხა ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად სატირული მოთხრობის გამო; როგორ გადაურჩა ეკლესიისგან განკვეთას და რა როლი შეასრულეს ამ აბსურდულ ამბავში პატარა ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა.

წიგნს ლაშა ბუღაძე და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის უფლებების მენეჯერი მიხეილ ციხელაშვილი წარადგენენ.

დრო: 1-ლი მარტი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები