ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

4 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაციაზე.
წიგნს მთარგმნელი ნინო ციმაკურიძე წარადგენს.

პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად.

„ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის – სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის, მკვლელობების, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?!

დრო: 4 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები