ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის 100 წლის იუბილე

ღონისძიებები

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე.

2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის - „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ - გამოცემიდან.

წიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი, გია ბერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები - ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი.

წიგნის შესახებ

ჯეიმზ ჯოისის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ პირველად ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი, სტივენ დედალოსი. ჯეიმზ ჯოისის მსგავსად, სტივენ დედალოსსაც უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს, იქნება ეს რელიგიური დოგმები, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა თუ, ზოგადად, ირლანდიური საზოგადოების მარწუხები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ, ჩაკლან მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება და ხელოვნებისადმი სწრაფვა. წიგნი, რომელიც საბავშვო, სახალისო ლექსით იწყება, ესთეტიკის ურთულეს კანონებზე მსჯელობით სრულდება და ე.წ. „აღზრდის რომანის“ ვიქტორიანულ კანონებს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ სწორედ ის წიგნებია, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა ჯეიმზ ჯოისის ის სამწერლო შესაძლებლობები, რომელთა წყალობითაც, საბოლოოდ, მეოცე საუკუნის ალბათ მთავარი რომანი, „ულისე“, შეიქმნა.

დრო: 28 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები