ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის განათლების სკოლისა და „კინგსის“ შეხვედრა მასწავლებლებთან

ღონისძიებები

16 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში ილიაუნის განათლების სკოლა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსი“ გამართავენ ერთობლივ შეხვედრას მასწავლებლებთან. 

შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდება სემინარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან თემებზე. პედაგოგები გაეცნობიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სემინარს გაუძღვება ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელი, სოფიკო ლობჟანიძე.

აღნიშნული შეხვედრა დასაწყისია ტრენინგების ციკლისა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და ორგანიზაცია „კინგსი“ ყოველთვიურად შესთავაზებენ სკოლის მასწავლებლებს და საშუალებას მისცემენ მათ, ინტერესთა მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში გაიარონ საგნობრივი ტრენინგები.

პირველი სესია: მასწავლებლის თვითშეფასება - პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯი

სესიაზე განიხილება შემდეგი თემები:

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარების ძირითადი პრინციპები და მოდელები;
  • სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა;
  • თვითშეფასების მნიშვნელობა პროფესიული განვითარებისთვის, თვითშეფასების მეთოდები;
  • თვითშეფასება და რეფლექსია - ორი ურთიერდაკავშირებული პროცესი;
  • თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება.

მეორე სესია: მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში

მასწავლებლები გაეცნობიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის არსს, სტრუქტურასა და კომპონენტებს. აქცენტი გაკეთდება უნივერსიტეტსა და სკოლას შორის არსებულ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება საუნივერსიტეტო პროგრამებმა ხელი შეუწყოს მასწავლებლების პროფესიულ ზრდასა და მათ კარიერულ წინსვლას.

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი აქტივობები:

  • პრაქტიკული კვლევა, მისი არსი, მნიშვნელობა და ძირითადი ეტაპები; უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის მნიშვნელობა, ერთი მხრივ, მასწავლებლებში კვლევის კომპეტენციების დაუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტებისთვის რეალურ სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის თვალსაზრისით;
  • სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტირება. საუბარი იქნება სასწავლო კურსებში ჩაშენებული და დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის კურსის არსზე, უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. აქცენტი გაკეთდება სქემის ფარგლებში მასწავლებლისა და სტუდენტის კონსულტირების შეფასების სარეკომენდაციო კრიტერიუმებზე;
  • სასწავლო რესურსი. განხილული იქნება სასწავლო რესურსის ტიპები სქემის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება სასწავლო პროცესში რესურსის გამოყენების მნიშვნელობაზე, ეფექტური რესურსის მახასიათებლებზე. საუბარი შეეხება რესურსის შექმნისა და გამოყენების პროცესის რეფლექსიის საორიენტაციო შეკითხვებს.

დრო: 16 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები