ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტი სამი მოხსენებით წარდგება.

პროფესორი ოთარ აბდალაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიები მაღალმთის სტრეს-დომინანტურ გარემოში“.

მაღალმთის ორ ყველაზე სტრეს-დომინანტურ გარემოში – ნივალურ სარტყელსა და მშრალ კლდეებზე შესწავლილია მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური ადაპტაციური მექანიზმები და სტრატეგიები. გამოვლენილია მცენარეთა ტემპერატურის რეჟიმის ადაპტაციის მაღალი ხარისხი.

მკვლევარი ჟანა ეხვაია წარდგება მოხსენებით: „ქართული მუხის პოპულაციები და მისი მონათესავე კავკასიური სახეობების მორფოლოგიური მრავალფეროვნება და ფილოგეოგრაფიული სტრუქტურა“.

ფოთლის მორფოლოგიური პლასტიკურობისა და ქლოროპლასტური დნმ-ის სექვენსების ცვალებადობის საფუძველზე საქართველოში ჩატარებულია პირველი სრულყოფილი კვლევა მუხის (Quercus) გვარის კავკასიური სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნების შესახებ. ტაქსონებს შორის არ იკვეთება მკვეთრი კორელაცია ფენოტიპებს, გენეტიკურ მრვალფეროვნებასა და არსებულ ტაქსონომიას შორის. გამონაკლისია პონტოს მუხა (Quercus pontica), რომელიც უძველესი და იზოლირებული სახეობაა და იმსახურებს შემდგომ ღრმა კვლევებს. დანარჩენი ტაქსონები ერთიანდებიან ორ მორფოტიპად: petraea-სა და robur-ის ჯგუფებად. გენეტიკურად ქართული მუხა Q. petraea subsp. iberica მოიცავს ამ გვარისთვის დამახასიათებელ უძველეს ქლოროპლასტურ ვარიანტებს და გენეტიკური ვარიაბელობის უმეტეს წილს. განსაკუთრებული გეოლოგიური ისტორიის, კლიმატისა და ტოპოგრაფიის მქონე კავკასიის ეკორეგიონი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში: სავარაუდოდ, გვიან მიოცენში ორი ძირითადი რეგიონი – ეუქსინისა (დას. კავკასიური ტიპი) და კავკასიის (აღმ. კავკასიური ტიპი) ფლორისტული პროვინციები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ როგორც დედისეული მემკვიდრული ხაზების გაყოფაში, ისე გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ინიციაციაში.

მკვლევარი ლევან ნინუა წაიკითხავს ლექციას თემაზე:„დელფინების გამორიყვა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე: მიზეზების ძიება“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შავი ზღვის ვეშაპისნაირთა გამორიყვების მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს. 6-წლიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ყოველწლიურად 100-მდე დელფინი მაინც ირიყება.

გამორიყული ცხოველები ღირებულ სინჯს წარმოადგენენ ვეშაპისნაირებზე მოქმედ საფრთხეთა შესასწავლად. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი საფრთხე ინფექციური დაავადებებია. ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიკროორგანიზმული პათოგენით გამოწვეული ეპიდემიური აფეთქება ათობით ათასი ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილის მიზეზი გახდა. შავ ზღვაში გავრცელებულ ვეშაპისნაირთა დაავადებების შესახებ მიღებული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შავი ზღვის დელფინების (ვეშაპისნაირების) შენარჩუნებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესამუშავებლად.ზოონოტური დაავადებათა დაფიქსირების შემთხვევაში მიმდინარე სამუშაო ხელს შეუწყობს დაავადებების ველური ცხოველებიდან ადამიანზე გადასვლის პრევენციასა და მოსალოდნელი რისკების შეფასებას.
აღნიშნულ კვლევაში მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამას ეხმარებიან უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორები, ხოლო მორფოლოგიური კვლევა განხორციელდება სამედიცინო კორპორაცია ევექსის (EVEX) პათანატომებთან ერთად.


დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები