


ილიაუნი ბიზნეს რევიუს პრეზენტაცია
ღონისძიებები
11 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ.წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – ,,თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი’’ შედეგების პრეზენტაცია.
აღნიშნული კვლევის მიზანია, გამოავლინოს, რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას და რომელია თბილისში პოპულარული მინერალური წყალი. კვლევა ჩატარდა 10-20 მარტის პერიოდში და შესწავლილ იქნა ,,პოპულის’’ ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი, თბილისის 11 რაიონში.
თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებულ იქნა 65–75 ადამიანის არჩევანი, კერძოდ, რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი.
კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
სულ თბილისის მასშტაბით შესწავლილ იქნა 1054 ადამიანის არჩევანი. შედეგები დალაგებულია ბრენდების, თბილისის რაიონების, სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე და ფლატე. ასევე ერთ–ერთი პუნქტი იყო უცხოური წარმოების მინერალური წყალი.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.