ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.
გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „სენსორული ინტეგრაცია და აუტიზმის სპექტრის დარღვევა: პრაქტიკული გამოცდილება და მეცნიერული მტკიცებულებები“ წაიკითხავს პროფესორი თინათინ ჭინჭარაული.

ანოტაცია

აუტიზმის სპექტრის დარღვევის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს გარემოს სენსორული ასპექტებისადმი უჩვეულო ინტერესი, რაც სხვადასხვა სახის სენსორული გამღიზიანებლისადმი ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპომგრძნობელობით ან პარადოქსული რეაგირებით ვლინდება (American Psychiatric Association, 2013; Goldstein et al., 2011). აღნიშნულმა, ქცევითი გამოვლინების თვალსაზრისით, შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს დაწყებული გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდებით (მაგალითად, ბავშვი არ შედის დაბადების დღის ცენტრში) დამთავრებული თვითსტიმულაციით, რაც ხშირად განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევების სახეს იღებს.
კლინიკურ პრაქტიკაში სპეციალისტების წინაშე ხშირად დგება სენსორული ინტეგრაციის დარღვევით განპირობებული ქცევითი გამოვლინებების აუტიზმის სპექტრის დარღვევისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევებისგან დიფერენცირების აუცილებლობა (Boyd et al., 2010). პრაქტიკული გამოცდილება ერთი შეხედვით ადასტურებს, რომ ეს ორი ცვლადი დაკავშირებულია. კერძოდ, სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა ამცირებს სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევების ინტენსივობას, რაც თავის მხრივ, გაზრდიდა გარემოდან დასწავლის შესაძლებლობას (Lanovaz et al. 2013). საბოლოო მტკიცებულება ამ დებულების სასარგებლოდ ჯერ არ არის მიღებული.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტში მიმდინარე კვლევის მიზანია სენსორული ინტეგრაციის დარღვევის გავლენის შესწავლა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში აბილიტაციის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების მიზნით.

დრო: 20 დეკემბერი, 18: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები