ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
კლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.
კლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას.
კლინიკა ფოკუსირებულია საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სოციალურად დაუცველი, დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების საქმეების სამართალწარმოებაზე.
კლინიკის საქმიანობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები და მომავალში საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო ორიენტაცია, აკადემიური კურსის პარალელურად, კვალიფიციური იურისტების მეთვალყურეობით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ამზადებენ იურიდიულ დოკუმენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, აწარმოებენ საქმეებს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში.
11 დეკემბერს კლინიკა ოფიციალურად გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის, მუშაობის პრინციპების, გეგმებისა და მიმდინარე საქმეების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები.
დრო: 11 დეკემბერი, 17:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410), ი. ჭავჭავაძის გამზირი N32.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი.