ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლების გამოფენაზე

ღონისძიებები

7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პირველად ჩატარდება სკოლების გამოფენა.

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის სხვადასხვა სივრცეში დამთვალიერებლებს შემეცნებით-გასართობ ინტერაქტიულ სამეცნიერო აქტივობებს შესთავაზებს.

პროგრამა გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის  დამთვალიერებლებისთვის.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სტენდთან 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდეთ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; გაეცნოთ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს რეალურ მაგალითზე. სტენდზე წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.

  • ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სივრცეში ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გათამაშებენ მინიბოტთან, რომელსაც ესმის ფერების ენა; დაგაპროგრამირებინებენ ვარსკვლავური ომების დროიდს; სტენდთან გაერკვევით მიკროკონტროლერის მუშაობის მექანიზმში და შექმნით ფსევდოთერემინს; დაგახატინებთ სათამაშო ბოტს; ერთმანეთს შეაჯიბრებთ სენსორებიან მანქანებს.

  • ესტუმროთ პლანეტარიუმს, რომელშიც ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თამარ ჭაღიაშვილი დამთვალიერებლებს გააცნობს მზის სისტემას (პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებს, მზეს) და ახსნის თითოეული მათგანის ბუნებას; გალაქტიკა – ვისაუბრებთ გალაქტიკის მახასიათებლებზე, დიდსა თუ მცირე ვარსკვლავებზე, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე; გალაქტიკათშორისი სივრცე – სხვადასხვა გალაქტიკებს და, ზოგადად, სამყაროს სტრუქტურას. პლანეტარიუმში ასევე ვისაუბრებთ სამყაროს წარმოშობაზე.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები შესაძლებლობას მოგცემენ ჩაერთოთ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. „დაამუშავებთ“ აღმოჩენილ ნივთებს; მიიღებთ მონაწილეობას სახალისო კონკურსებში. 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრომო სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni) და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni) – შესაძლებლობა გექნებათ, 3D პრინტერზე დაბეჭდოთ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანეროთ ობიექტები. ასევე სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნივთი და პროექტი.
    აქვე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით;

ილიაუნის სივრცეში გამოფენის მსვლელობის პარალელურად ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული სკოლებიდან მოსწავლეების ჯგუფები წარმოგიდგენენ სახალისო-სამეცნიერო ექსპერიმენტებს. სტენდთან 20-ზე მეტი სკოლა იქნება წარმოდგენილი. ექსპერიმენტების პარალელურად ისინი დამთვალიერებლებს აუხსნიან ექსპერიმენტების თავისებურებებს და მათაც ჩართავენ აქტივობებში.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ 7-8 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა ილიაუნის აუდიტორია, რომელშიც შეძლებთ:

  • დაესწროთ ილიაუნის STEM (Science, Technology, Engineering, Math) აკადემიაში წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრების მოხსენებებს.
  • ასევე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს მომავლის პროფესიებზე.

გელოდებით და არ დაგავიწყდეთ, რომ #მეცნიერებასახალისოა.

 

ბანერები