იაპონური მუსიკის კონცერტი
ღონისძიებები
18 ივნისს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება იაპონური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი იაპონელი მევიოლინე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კენ აისო და უკრაინელი პიანისტი ვალერია მარგოვსკაია.
კენ აისო საერთაშორისო არენაზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ და მრავალმხრივ მევიოლინედ ითვლება. მისი შესრულება ბგერის განსაკუთრებული სილამაზითა და უნიკალური ინტიმური ატმოსფეროს შექმნის უნარით გამოირჩევა. როგორც სოლო და კამერული შემსრულებელი, ფართოდაა ცნობილი ევროპაში, აშშ-სა და იაპონიაში, სადაც ბევრ პრესტიჟულ დარბაზში უკრავს. მათ შორისაა: ლონდონის ვიგმორისა და დედოფალ ელისაბედის სახელობის, ამსტერდამის კონცერტგებოუ და ტოკიოს სუნტარის დარბაზები. კენ აისო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს (პარიზი) და იაპონიის საერთაშორისო სამუსიკო კონკურსების ლაურეატია. 2005 წელს ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის ასოცირებული წევრი გახდა, ხოლო მშობლიურ იაპონიაში მას იმპერატორისა და დედოფლის წინაშე წარდგენის პატივი ხვდა. 2018 წელს კენ აისომ მიიღო კან-იჩი შიმოუსას მუსიკალური პრიზი საერთაშორისო სამუსიკო არენაზე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
მევიოლინე ლოს-ანჯელესის ლოიოლა მერიმაუნთის და ლა-სიერა უნივერსიტეტების წევრია. იგი დაინტერესებულია მუსიკის გამაჯანმრთელებელი ზემოქმედების ძალით, ამიტომ ჰოსპიტლების, სკოლებისა და სპეციალური საჭიროებების ბავშვების ინსტიტუტების ხშირი სტუმარია.
დრო: 18 ივნისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.