ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო

ღონისძიებები

პროცესის 2019 წლის შეჯიბრებაში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე საერთაშორისო შეჯიბრებაში (13-15 ივნისი, 2019, ჰასელტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ბელგია).

შეჯიბრების შესახებ:

ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრება დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები წევრი-სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ.: http://hsi.uva.nl/en/hs-mcc/hs-mcc.html; https://www.facebook.com/hugosinzheimermcc/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია ამ შეჯიბრებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი გახდა კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) გამართული 2018 წლის შეჯიბრების გამარჯვებული. 

2019 წლის შეჯიბრების სიმულაციური საქმის თემატიკაა მასობრივი დათხოვნა და სამუშაო დროის რეგულირება.

მონაწილეობის წინაპირობები:

სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2019 წლის 21 იანვრის 18:00 საათისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge, უნდა გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება; 
  • ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და, ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის;
  • შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება; 
  • გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა; 
  • ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრება ევროპული კავშირის შრომის სამართალში;
- მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.

[1] გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

ბანერები