ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

“გზა შუქურისკენ” - ვირჯინია ვულფის რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გიწვევთ ვირჯინია ვულფის რომანის - ”გზა შუქურისკენ” - პრეზენტაციაზე. კლუბის სტუმრები იქნებიან წიგნის მთარგმნელი ლელა დუმბაძე და დრამატურგი და მთარგმნელი, დავით გაბუნია.

ვირჯინია ვულფი (1882-1941) XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდერნისტი მწერალი და ცნობილ ინტელექტუალთა "ბლუმსბერის ჯგუფის" დამფუძნებელია. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ, იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა "ცნობიერების ნაკადის" სტილი ლიტერატურაში.

სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი "გზა შუქურისკენ", რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი რემზების ოჯახის ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობითა და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს.

პრეზენტაციის დრო: 5 თებერვალი 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები