ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის, საჯარო ლექცია

ღონისძიებები

8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი გიუნტერ ბეხლერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევძინოთ სტაბილურობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“  / “How to stabilize the European Security Architecture”.

ბატონი გიუნტერ ბეხლერი დაიბადა 1953 წელს ბაზელში. უმაღლესი განათლება მიიღო ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ბაზელის უნივერსიტეტში, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებების, რეგიონული კვლევებისა და თანამედროვე ისტორიის მიმართულებით - ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი კონფლიქტოლოგიაში. ბატონი ბეხლერი მკვლევრის სტატუსით მოღვაწეობდა ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტში და მუშაობდა აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტზე. 1988 წლიდან 2000 წლამდე იყო შვეიცარიის მშვიდობის ფონდის დამფუძნებელი დირექტორი. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო მედიაციისა და მოლაპარაკებების ტრენინგებში ჰარვარდის მოლაპარაკების პროგრამასა და კემბრიჯის (მასაჩუსეტსი) კენედის სახელობის მართვის სკოლაში. მშვიდობის კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილების წყალობით, ბატონი ბეხლერი 2001 წელს სათავეში ჩაუდგა ახლად დაარსებულ კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის განყოფილებას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოში. 2005 წელს იგი დაინიშნა მშვიდობის საკითხებში შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების სპეციალურ მრჩევლად ნეპალში და დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და კონსტიტუციის შექმნის პროცესში. 2007 წელს ბატონი ბეხლერი წარადგინეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩევლად მშვიდობის საკითხებში დარფურში, სუდანში. 2009 წლის აგვისტოდან მსახურობდა ამავე განყოფილებაში მთავარ მედიატორად. 2010 წლის ივნისამდე ის აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარფურის საკითხზე.

დრო: 8 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
სამუშაო ენა: ინგლისური ( უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად)  

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები