ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია დისკუსია თემაზე „რას გვაძლევს ევროპა, ნატო და რას გვართმევს რუსეთი“

ღონისძიებები

7 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია დისკუსია თემაზე „რას გვაძლევს ევროპა, ნატო და რას გვართმევს რუსეთი?“

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელი და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, „ფორმულა კრეატივის“ სცენარისტი მიშა მშვილდაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ საბჭოს წევრი დავით სიხარულიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. 

ღონისძიება იმართება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში და მისი მიზანია კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ცნობადობის ამაღლება სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებში, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს.

შეხვედრაზე აუდიტორიას საშუალება მიეცემა, გამომსვლელებს კითხვები დაუსვას და ღია დისკუსიაში ჩაერთოს.

კამპანიის შესახებ

კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

კამპანია „ძალა ევროპაშია“ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება. დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ახორციელებს კამპანიას „ძალა ევროპაშია“.

საბოლოოდ, „ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია, გააერთიანოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება: სამოქალაქო სექტორი, საჯარო უწყებები, ბიზნესკომპანიები, აქტიური მოქალაქეები და ნებისმიერი მსურველი, ვინც აქტიურად ჩაერთვება კამპანიის მიმდინარეობაში. გააერთიანოს იმისთვის,რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა, დაინახონ, რომ საქართველოს არჩევანი უალტერნატივოა და რომ ქართველებისთვის ძალა ევროპაშია!

დრო: 7 მაისი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები