ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“

ღონისძიებები

7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს „მდგომარეობებს შორის“.

ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა ტემპმა, კომუნიკაციების დღემდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის სიჭარბემ გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალ მანიპულაციათა შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესების ლოგიკური თანმდევია ახალი შემოქმედებითი მანიფესტაციების სიმრავლეც.

გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად, ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს მიმდინარე სოციოპოლიტიკურ კონტექსტთან?

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით ნასაზრდოებ კულტურულ იმპულსებს ასახავს. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს, ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:
გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი, InChina Collective: გოჩა ჟღენტი, ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზ ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარაგალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე კლუბის ახალი პლატფორმაა. კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზის მიზანია ახალი სახელოვნებო იმპულსების სინთეზით ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის უნიკალური გადაკვეთის წერტილის შექმნა. „მდგომარეობებს შორის” სივრცის პირველი გრძელვადიანი საგამოფენო პროექტია.

გამოფენის პარალელურად სამი თვის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები, ჩვენებები, ვორკშოპები და პრეზენტაციები.

პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, შემოქმედებითი საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი, Georgia Today, არტარეა, ჯეოლაბი, 9 მთა, marketer.ge, on.ge

გამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს, 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებებზე დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400
 inbetweenconditons@gmail.com

დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი

მისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო / https://goo.gl/maps/CFyi9wUPPR72
0160 თბილისი

დასწრება თავისუფალია 19:00 -23:00 საათამდე

 

 

ბანერები