ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა

ღონისძიებები

14 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გერმანისტ კონსტანტინე ბრეგაძის ლექციაზე „გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა“.

გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) „არტისტული ყვავილები“ (1919) ზედმიწევნით ასახავს მოდერნის ეპოქაში მიმდინარე მენტალობის ცვალებადობით განპირობებულ მყარ წარმოდგენათა, ანუ თეოცენტრისტულ და ანთროპოცენტრისტულ წარმოდგენათა, რღვევას და ამით გამოწვეულ სუბიექტურობის დაშლას, სუბიექტის განპიროვნებას. კრებულში წინა პლანზე გამოდის არა მყარი ლირიკული „მე“ საკუთარი მყარი მსოფლმხედველობითა და ღრმა და ამაღლებული პიროვნული განცდებითა და ემოციებით, არამედ აქ უკვე მოცემულია დაშლილი, დისჰარმონიული, დეპერსონალიზებული ლირიკული გმირი.

შესაბამისად, კრებულის ონტოტექსტუალობაში სამყარო ასახულია ისე, როგორიც ის არის თავის რეალურ არსში, სამყარო, რომელიც კრებულის ლირიკული „მე“-ს ცნობიერებისეული ნებელობის მიღმა, მისგან მოწყვეტილად და დამოუკიდებლად ეგზისტირებს (ფიხტეანური ნაკადის გაუქმება): აქ გვაქვს ვითარება, როდესაც ლირიკული გმირის ცნობიერებასა და განცდაში ყოფიერება ფუძნდება თავისი აპრიორული დისჰარმონიულობით, უსაზრისობითა და მიზანსმოკლებულობით, რასაც იგი იმთავითვე ვერ ცვლის და ვერ უპირისპირდება, არამედ პირიქით, ამ დისჰარმონიულობასა და აპოკალიფსურობას სრულად ექვემდებარება.

„არტისტული ყვავილების“ დესუბიექტივირებული, „განპიროვნებული“, ლირიკული გმირიც სწორედ ასეთ დისჰარმონიულ, დისოცირებულ, დაშლილ სამყაროში ეგზისტირებს და სრულად ატომიზდება მასში, საბოლოოდ ინთქმება და ქრება არარაში, კრებულის ონტოტექსტუალობაში.

დრო: 14 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები