ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის, უმიდა ახმედოვას პროექტების წარდგენა

ღონისძიებები

7 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში უმიდა ახმედოვა წარადგენს თავის ბოლოდროინდელ პროექტებს, რომლებიც ეხება ქალების ყოფასა და ყოველდღიურობას უზბეკეთში.  ასევე აჩვენებს მოკლე ფილმს რიტუალების შესახებ.

ცენტრალურ აზიაში მცხოვრები  ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი უმიდა ახმედოვა თანამედროვე უზბეკური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.

ახმედოვას პროექტები ადამიანის უფლებების, ურბანული ცხოვრების, ტრადიციების, განსხვავებული კულტურებისა და თანამედროვე უზბეკეთის ყოველდღიური ცხოვრების კვლევასა და ასახვას ეხება. Associated Press-ის ფოტოგრაფის სტატუსით მისი ფოტოები დაიბეჭდა The New York Times-ის, The Wall Street Journal-ისა და The Globe and Mail-ის ინტერნეტვერსიების ფოტოგანყოფილებებში.

უმიდა ახმედოვა მონაწილეობდა მრავალ ფოტოგამოფენაში თბილისში, კოპენჰაგენში, ნიჟნი ნოვგოროდში, სანკტ პეტერბურგში, ბილბაოში, რიგაში, მოსკოვში.  იგი სხვადასხვა პრიზის, მათ შორის ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების დაცვის პრიზის მფლობელია (2016). უმიდა ახმედოვას მიერ გადაღებულ ფილმებს შორისაა: „ბუხარა შიგნიდან” (2006), „ქალები და კაცები:  რიტუალები და წეს-ჩვეულებები” (2006), „ქალიშვილობის ტვირთი” (2007), „იცხოვრო და მოკვდე სამარყანდში” (2007).

2010 წელს უმიდა ახმედოვა უზბეკეთის სოფლისა და ქალების ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებსადმი მიძღვნილი  ნამუშევრების – „ქალები და კაცები: გამთენიიდან დაღამებამდე” და „ქალიშვილობის ტვირთი“ გამო უზბეკი ერის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს. რელიგიის საკითხების, სულიერებისა და ფსიქოლოგიის კომისიის წევრების დასკვნით,  მისი ფოტოები უზბეკ ხალხს დასავლელების თვალში უარყოფითად წარადგენდა. კომისიის აზრით, „უცხოელი, რომელიც არასდროს ყოფილა უზბეკეთში, მაგრამ ამ ალბომს ნახავს, დაასკვნის, რომ [უზბეკეთში] ხალხი შუა საუკუნეების ტრადიციებით ცხოვრობს“.


დრო: 7 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 უდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები