ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფენი ფლეგის რომანის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ.

პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ - იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ, პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს... ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.

ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. 

წიგნს მთარგმნელი ნინო მიქაშავიძე და ნინია მაჭარაშვილი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“) წარადგენენ.

დრო: 25 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები