ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

''Ethnobotany of the Caucasus" („კავკასიის ეთნობოტანიკა“) – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

9 ნოემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის ''Ethnobotany of the Caucasus" პრეზენტაცია. მასში გაერთიანებული სტატიების დიდი ნაწილი ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრებს. წიგნი ''European Ethnobotany"-ის სერიით გამოსცა „შპრინგერმა“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს ამ სერიის გაგრძელებას.

წიგნს წარადგენს ექსპედიციისა და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ კიკვიძე.

კრებულის შესახებ

საქართველო, და მთლიანად კავკასია, მსოფლიოში ბოტანიკურად და ეთნოკულტურულად ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია და ეს განსაკუთრებულობა კაცობრიობის მთელ ისტორიას გასდევს ბიბლიური და ანტიკური დროიდან დღემდე. კავკასია აღიარებულია, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც ენდემურ სახეობათა დიდი რიცხვის გამო საერთაშორისო საკონსერვაციო ორგანიზაციების პრიორიტეტებში შედის. კავკასია, ამავე დროს, მცენარეების გაკულტურების რვა მსოფლიო ცენტრს შორისაა. სწორედ სამხრეთ კავკასიაში განხორციელდა მრავალი საკვები მცენარის გაკულტურება. ამ გარემოებათა გამო დაგროვდა მცენარეთა და ადამიანთა მრავალათასწლოვანი ურთიერთობების ამსახველი უმდიდრესი ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა, რომელიც არა მარტო ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაში ინახება, არამედ განსხეულებულია ძალიან ბევრ ადგილობრივ გაკულტურებული სახეობების ჯიშებსა და სახესხვაობებში. 

სამწუხაროდ, დღეს იკარგება ეს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციული ცოდნა, ქრება ადგილობრივი ჯიშები. კრებულში მეცნიერულადაა დოკუმენტირებული ტრადიციული ცოდნა საქართველოში ეთნობოტანიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი 50 სახეობის შესახებ, ასევე წარმოდგენილია 25-25 სახეობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გამოცემა მიზნად ისახავს ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და, ამავე დროს, ემსახურება მცენარეთა შესახებ ცოდნის გავრცელებას.

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები