ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერიკ ლის ვორქშოფი: „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”

ღონისძიებები

საქართველოს მწერალთა სახლი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ზიარი“ გიწვევთ ამერიკელი ავტორისა და მკვლევრის, ერიკ ლის ვორქშოფზე „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”, რომელიც შედგება 17 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, მწერალთა სახლში, თბილისში (ი. მაჩაბლის ქ. N13).

ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია. ის იკვლევს მე-20 საუკუნის ისტორიას; საქართველოზე გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution), 2018 და „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში" (Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler's Revenge, April-May 1945), 2020. მთარგმნელი ქეთი ქანთარია, გამომცემლობა Poezia Press („ზიარი“).

ერიკ ლი თბილისს 2022 წლის მაისში ერთი თვით ეწვევა მწერალთა სახლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში „ილიაუნის“ ფინანსური მხარდაჭერით. ის იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ბოლშევიკური ტერორის დროს რეპრესირებული ქართველი ავტორების თემაზე. ინიციატივა უკავშირდება რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, რომლის გახსნაც სექტემბერში მწერალთა სახლში იგეგმება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

თბილისში ერიკ ლის გადაეცემა ილიაუნის საპატიო დოქტორის ხარისხი და ის გამართავს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის – მკითხველთან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში და ზემოხსენებულ ვორქშოფს დოკუმენტური და ისტორიული პროზის ავტორებისთვის.

დასწრება უფასოა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. 

ერიკ ლი ქართველ კოლეგებს, საქართველოს ისტორიითა და დოკუმენტური პროზით დაინტერესებულ მოქმედ თუ მომავალ ავტორებს, ისტორიის მიმართულების დოქტორანტებს გაუზიარებს მუშაობის გამოცდილებას, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის სპეციფიკას და თავისი საქმიანობის სხვა ტექნიკურ თუ შინაარსობრივ ასპექტებს. 

ვფიქრობთ, ეს ვორქშოფი მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული ისტორიული კვლევის მეთოდებისა და თხრობის შეხამების დახვეწისათვის, ასევე საქართველოს ისტორიაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრების თვალსაზრისისა და მეთოდოლოგიის გასაცნობად. 

ვორქშოფი წარიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ ელფოსტაზე  residency@writershouse.ge 10 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ერიკ ლის ვორქშოფი“.  ასევე გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე ინგლისურად (საკმარისია 100-150 სიტყვა) პროფესიული გამოცდილების, საქმიანობისა და ინტერესების შესახებ.

გელით და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 17 მაისი, 2022 წ.

დრო: 14:00 – 18:00 სთ (ხანმოკლე შესვენებით)

ადგილი: მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. N13

სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით

2022 წელი

 

 

ბანერები