ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ელენე ჟურავლოვას ლექცია: „სიგმა-1 რეცეპტორი, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლოვა წაიკითხავს მოხსენებას „სიგმა-1 რეცეპტორი, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“.

სიგმა-1 რეცეპტორი (σ1R), ჩაპერონული ცილა, მემბრანული და მიტოქონდრიული პროცესების ერთგვარ კოორდინატორს წარმოადგენს. σ1R რეცეპტრორები მაღალი ხარისხით ექსპრესირდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მათი აქტივაცია ასტიმულირებს ნეირომოდულაციასა და ნეიროპროტექციას, მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების (AD) in vitro და in vivo მოდელებში. მეცნიერებმა ნახეს, რომ NMDA გლუტამატის რეცეპტორის NR2A ფენოტიპის რეცეპტორების ექსპრესიის მატებას თან ახლავს სიგმა-1 რეცეპტორის დისოციაცია ამ კომპლექსიდან, ხოლო NR2B-ის ფენოტიპის რეცეპტორთან – nNOS ცილა-ცილოვანი ურთიერთობის გაძლიერება, რაც საფუძვლად უდევს სიგმა-ნაერთების ნეიროპროტექტორულ ეფექტს. დადგინდა, რომ უჯრედშიდა სიგმა-რეცეპტორი ფიზიკურად ურთიერთქმედებს მიტოქონდრიაში ლოკალიზებულ მცირე G-ცილა Rac-თან, იწვევს მის აქტივაციას და ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ფორმირებას. განსხვავებულად მოქმედებს სიგმა-რეცეპტორი პლაზმურ მემბრანაში ლოკალიზებულ Rac-თან, რადგან ამ შემთხვევაში, იგი განაპირობებს ოქსიდაციური პროცესების შენელებას. Rac/სიგმას ურთიერთობის საპირისპირო ეფექტები განპირობებულია Rac-ის დაღმავალი სამიზნე მოლეკულების სხვადასხვაობით პლაზმურ მემბრანაში და მიტოქონდრიებში. გარდა ამისა, σ1R აქტივობას მიტოქონდრიაში ინგ-იანგ ეფექტი აქვს, რომელიც ახდენს ROS პროდუქციის, როგორც ფიზიოლოგიური სიგნალის, მატებას, პათოლოგიურ (Aβ-ით გამოწვეულ) პირობებში კი შესამჩნევ ანტი-ოქსიდანტურ აქტივობას ამჟღავნებს.  მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ სიგმა-1 რეცეპტორი უჯრედულ კომპარტმენტებს შორის ტრანსლოკაციის გზით ახდენს ნერვული უჯრედის სასიგნალო პროცესებისს და მისი მეტაბოლიზმის მოდულირებას, რომლის მოლეკულური მექანიზმი განსხვავებულია უჯრედის მგდომარეობიდან (ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური) გამომდინარე. სიგმა ნაერთების ნეიროპროტექციული მოქმედების გამო ისახება ამ ნაერთთა პრევენციულ მედიცინაში გამოყენების პერსპექტივა.

დრო: 14 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები