ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკა გიგაურის საჯარო ლექცია: თანამედროვე ორგანიზაციების მიღწევები და გამოწვევები

ღონისძიებები

30 მარტს, 13:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  - აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, წაიკითხავს საჯარო ლექციას: თანამედროვე ორგანიზაციების მიღწევები და გამოწვევები. ლექციის ფარგლებში, განიხილება შემდეგი თემები: რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გახდე წარმატებული ლიდერი; როგორ უნდა გადაჭრა პრობლემა ისე, რომ ის წარმატებულ ქეისად იქცეს; რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს წარმატებული ორგანიზაციის ლიდერს. მომხსენებელი სტუდენტებს გაუზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას და მისცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს წარმატებისკენ გზის გასაკვალად.

მომხსენებლის შესახებ

ეკა გიგაური 2010 წლის დეკემბრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. მეორე მაგისტრის ხარისხი მან ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალში მოიპოვა. ეკამ წარმატებით გაიარა LAD-ის პროგრამა „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“, რომელიც ორგანიზებული იყო Stanford CDDRL-ის (Center on Democracy, Development and the Rule of law) მიერ.

ეკა გიგაური მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში საგარეო ურთიერთობების კუთხით, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტრანსპორტის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2008 წლამდე ეკა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, სადაც იურიდიულ და საერთაშორისო სამსახურებს ხელმძღვანელობდა და უწყების რეფორმირების პროცესის კოორდინაცია ევალებოდა. ეკას ასევე აქვს კერძო სექტორში, კერძოდ, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დარგში, მუშაობის გამოცდილება.

დრო: 30 მარტი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები