ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ძილის მეცნიერებიდან ძილის მედიცინამდე

18 ივლისს, 10:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 - ე აუდიტორიში (G კორპუსის, გ. წერეთლის 2) გაიხსნება ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IBRO) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გრანტით ღია ფორმატის საზაფხულო სკოლა „ From Sleep Science to Sleep Medicine“. სკოლის სამეცნიერო ორგანიზატორია ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირმა გვილია.

კურსი „ძილის მეცნიერებიდან ძილის მედიცინამდე“ მიზნად ისახავს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ძილის კვლევის ფუნდამენტური და კლინიკური მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას. ტრენინგების პროგრამა ითვალისწინებს ჩვენს რეგიონში ფუნდამენტური, კლინიკური და გამოყენებითი კვლევის მიმართულებით მომუშავე მაღალკვალიფიკაციური ახალგაზრდა მეცნიერებისა და ძილის მედიცინის სპეციალისტების მომზადებას. გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას შესაძლებელი გახდება ძილის კვლევის დარგში მომუშავე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ აქტუალური მეცნიერული ჰიპოთეზების, კვლევის თანამედროვე კონცეფციებისა და უახლესი საინტერესო აღმოჩენების ურთიერთგაზიარება.

პროექტის მიზანს ასევე შეადგენს რეგიონში ძილის ფუნდამენტური კვლევის, როგორც ნეირომეცნიერების ერთერთი მნიშვნელოვანი სფეროს პოპულარიზაციასა და ძილის დარღვევების ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემად წარმოჩენას.

ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია 1961 წლიდან არსებობს და აერთიანებს ნეირომეცნიერებს მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია აქტიურად ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას.
საზაფხულო სკოლა არაფორმალურ და სასიამოვნო გარემოში, - ყაზბეგში ჩატარდება და 18-დან 23 ივლისამდე
 გასტანს.

ბანერები