ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ გიორგი ხარებავას საჯარო ლექცია „გენური ტესტირება, მისი როლი კლინიკურ დიაგნოსტიკისა და პერსონიზირებული მედიცინის განვითარებაში“

ღონისძიებები

21 მაისს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება  კომპანია „ალელის“ სამეცნიერო დირექტორის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ  გიორგი ხარებავას საჯარო ლექცია თემაზე „გენური ტესტირება, მისი როლი კლინიკურ დიაგნოსტიკისა და პერსონიზირებული მედიცინის განვითარებაში“.

მომხსენებელი შეეხება გენეტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას, ტექნოლოგიებისა და მსოფლიოში მათი განვითარების მიმოხილვას. ლექციაზე მოყვანილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მაგალითები და გენეტიკური ტესტირების შედეგად გაუმჯობესებული ინფორმირებულობა და კლინიკური გამოსავლები.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ხარებავა არის ბიოქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მოლეკულური და უჯრედული ნეირობიოლოგი 19 წლის გამოცდილებით ტრანსლაციურ ბიოსამედიცინო მეცნიერებებში. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავდა ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანების ექსპერიმენტულ კვლევას მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე. შესრულებული აქვს რიგი კვლევები ნერვული სისტემის განვითარების, ნეიროდეგენერაციის, ნეიროტრამვის, ანთებითი პროცესების, ღვიძლის დისფუნქციების, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების გამომწვევი უჯრედული სიგნალგადაცემისა და გენების ექსპრესიის ცვლილებების გამოსავლენად. 22 პუბლიკაციის და 10 საკონფერენციო მოხსენების ავტორია.

2004 წლიდან გიორგი ხარებავა მუშაობდა ქალაქ ლუივილის უნივერსიტეტითან არსებულ სიბერის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელ მულტიპროფილურ კვლევით ცენტრში, კენტაკის ხერხემლის დაზიანების კვლევის ცენტრში, მერილანდის უნივერსტეტთან ორგანიზებული შოკის, ტრამვისა და ანესთეზიოლოგიის კვლევის ცენტრში, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტებში. კერძოდ, ალკოჰოლის თავის ტვინის უჯრედებზე გავლენის შემსწავლელ ლაბორატორიაში.

მიღებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პრიზი, მათ შორის: ჯილდო გამორჩეული კვლევებისათვის, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტები (NIH, FARE AWARD); ჰენრი ჯეკსონის სახელობის სამხედრო მედიცინის ფონდის პრიზი და სტიპენდია (HJF); ჯილდო გამორჩეული კვლევებისათვის,ნეირომეცნიერების საზოგადოება (SfN); ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტიპენდია (RS/NATO); საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტიპენდია. 

2017 წელს გიორგი ხარებავამ მონაწილეობა მიიღო გენეტიკური ტესტირების კომპანია „ალელის“ დაფუძნებაში. ამჟამად მისი სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელია.

დრო: 21 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები