ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ელენე ლადარიას ლექცია: „ენის საკითხი საბჭოთა სოციალურ მეცნიერებაში“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დოქტორი ელენე ლადარია წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ენის საკითხი საბჭოთა სოციალურ მეცნიერებაში“

1950 წლამდე საბჭოთა ენათმეცნიერებაში დომინანტური თუ არა, მონოპოლისტური პოზიცია ეკავა ნიკო მარის მიერ შემოთავაზებულ ენის ახალ თეორიას, რომელიც მეცნიერს ინდოევროპული და სტრუქტურალისტური ენათმეცნიერების ერთადერთ და აუცილებელ ალტერნატივად მიაჩნდა. მიზეზთა გამო მარის თეორია რთულად გასაგებია და ბევრ კითხვას წარმოშობს. ოცდაათიან წლებში მარის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე კონსტანტინე მეგრელიძემ დაწერა წიგნი აზროვნების სოციოლოგიის შესახებ, რომელშიც ხშირად ეყრდნობა მარის მიერ შემოთავაზებული ენობრივი ფაქტების ანალიზს. მიუხედავად ამისა, ბუნდოვანი რჩება არა მხოლოდ მარისა და მეგრელიძის თეორიულ პროექტებს შორის მიმართების, არამედ მეგრელიძის პროექტის მთლიანობის საკითხიც. მოხსენებაში შემოთავაზებული იქნება თეზისი, რომლის მიხედვითაც ამ ავტორთა თეორიული მიზნები სიცხადეს შეიძენს, თუ მათ ერთმანეთის შემავსებლად განვიხილავთ. განხილვისას კი მნიშვნელოვანი დახმარება შეუძლია მიხეილ ჩხაიძის, მარის ერთ-ერთი მოწაფის, 1985 წელს დაწერილ მონოგრაფიას, რომელიც თავისი ინტენციით გამონაკლისს წარმოადგენს მარის შესახებ დღემდე არსებულ ლიტერატურაში. სწორედ ხელნაწერის სახით არსებული ამ მონოგრაფიის გამოსაცემად მომზადებას ისახავს მიზნად სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტში მიმდინარე ერთ-ერთი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება.


დრო: 13 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები