ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

17 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია. წიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიაუნისა და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთობლივი ძალისხმევით. 

ეს არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და სისტემური დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში, დაგეგმვაში. გამოცემა N1 ბესტსელერია ამაზონის (Amazon) სისტემების თეორიაში, ბესტსელერი იყო ბიზნესის მიმართულებითაც. ის სახელმძღვანელოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის ილიაუნიში.

წიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სისტემურ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს, რაც სისტემების რთულ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი – მათი განმაპირობებელი სტრუქტურები და გაუმჯობესების ძალისხმევა სწორედ ამ სისტემურ სტრუქტურებზე მივმართოთ. თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს და საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური, საჯარო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აინტერესებს სისტემური, ინტერდისციპლინური, მდგრადი განვითარების საკითხები.

პრეზენტაციაზე წიგნს მოკლედ მიმოიხილავს თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი მურმან მარგველაშვილი. კონკრეტულ სისტემათა მაგალითების განხილვა მკითხველს გაუადვილებს წიგნის გაცნობას და ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. დასასრულ გაიმართება დისკუსია სისტემური მიდგობის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე.

დრო: 17 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები