ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები, 1652“ - პაატა ცანკაშვილის რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პაატა ცანკაშვილის რომანის - „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები, 1652“ - პრეზენტაცია. წიგნს წარადგენენ პოეტი შოთა იათაშვილი და მწერალი დათო ტურაშვილი.

1961 წლის 6 თებერვალს დაბადებული პაატა ცანკაშვილი 2016 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა და მისმა სამეგობრომ მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, გამომცემლობების გვერდის ავლით, საკუთარი ხარჯით დაბეჭდა მისი რომანი „დონ ბერნარდო ბერტი: ჩანაწერები, 1652“. მათ, უბრალოდ, ბეჭდური სახე მისცეს ტექსტს, რომელიც მის კომპიუტერში აღმოაჩინეს - ფაქტობრივად, გამზადებული, შერჩეული ვიზუალური მასალით და დაკაბადონებული.

ავტორის შესახებ

პაატა ცანკაშვილმა 1978 წელს, თბილისის 161-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მას ადრეული წლებიდანვე ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი ისტორიისადმი. მისი ეს რომანიც ისტორიულ ეპოქას აღწერს. პაატა ცანკაშვილს რომანის გარდა დარჩა მოთხრობებიც და თარგმანებიც. ის მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა ტექსტებზე, მაგრამ არასდროს ცდილობდა მათ გამოქვეყნებას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის არქივზე და ქართველი მკითხველისთვის მისი ორიგინალური შემოქმედების უცნობი მხარეები მალე გახდება ხელმისაწვდომი.

წიგნის შესახებ

რომანის მთავარი გმირი ბერნარდო ბერტი იტალიელი მისიონერია, რომელიც მე-17 საუკუნის საქართველოში მოღვაწეობს და თავის ჩანაწერებში იქაურობას აღწერს. უფლისწულ ლუარსაბის მკვლელობა არის ის მოვლენა, რომლის გარშემოც ავტორი აგებს წიგნის სამყაროს. პაატა ცანკაშვილის რომანი ჟანრობრივად ისტორიული დეტექტივია: ისე ხდება, რომ დონ ბერნარდოს უწევს ამ მკვლელობის გამოძიება და, ამის გამო, ყველა სოციალურ ფენასთან კონტაქტი - მეფე როსტომით და მეფე თეიმურაზით დაწყებული, ავაზაკებით დამთავრებული. ამ ფართო დიაპაზონში პაატა ცანკაშვილი საოცარი ფერადოვნებით შლის სისხლითა და ღალატით სავსე და, ამავე დროს, ბრჭყვიალა, დეკორატიულ, ეკლექტურ სამყაროს, სადაც რამდენიმე კულტურა ერთმანეთშია აზელილი და, რაც მთავარია, ადამიანთა ცნობიერების და ცხოვრების პრინციპების გაორებას იწვევს.

ამ ადამიანმა ძალიან მაგრად იცის ის სამყარო, ეპოქა და გარემო, რომელზეც წერს, და არის ძალიან მაგარი პროფესიონალი. წიგნს რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რა შრომა დევს მასში, გარდა ინტელექტისა. ეს წიგნი მე-17 საუკუნის თბილისზეა. თავისთავად ძალიან საინტერესო ეპოქაა - ყველაზე ტრაგიკული, ტრაგიკომიკური, დრამატული... ესეც მომეწონა - ევროპა და სპარსეთი ერთად საქართველოში და თბილისში. ყველაზე მაგარი, რაც დამრჩა, ეს არის დიდი სევდა; კარგი წიგნებისგან რომ გრჩება ხოლმე; რომ ვერ გამოდიხარ. ვერ გამოვდივარ მე. რამდენი ხანია, რაც წავიკითხე, მაგრამ ვერ გამოვდივარ. მინდა, რომ ყველას წავაკითხო“.

დათო ტურაშვილი

მთავარი ისაა, რომ ამ ტექსტს პაატა ცანკაშვილი არ წერს მხოლოდ კონკრეტული ეპოქის აღსადგენად. ისტორიულ სივრცეს იგი იყენებს საფიქრელად. ამ სივრცეში მარადიულ საკაცობრიო კითხვებზე მის პასუხებს თითქოს მეტი სილაღე და გაქანება ეძლევა. მთელი წიგნი, ფაქტობრივად, აფორიზმებითაა დახუნძლული, ოღონდ ეს არაა მშრალი, მორალისტური აფორიზმები: პაატა ცანკაშვილი ფერწერულად, სურათ-ხატებით წერს თავის აზრებს. დაბოლოს, რა თქმა უნდა, ენა, რომელსაც იგი ჯადოქრულად ფლობს და ძველი ქართული თუ სპარსული ლექსიკით ცოცხალ სამეტყველო თუ სააზროვნო ქსოვილს ქსოვს“.

შოთა იათაშვილი

პრეზენტაციის დრო: 15 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები