ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯონ ჰილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

7 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში გაიმართება ლექცია ,,ტრისტანი და იზოლდა. რომანტიკული სიყვარული,  სულის სიმღერა თუ ღალატის ცოდვა”.

ლექცია შეეხება  პოპულარულ  და მშვენიერ ლეგენდას, რომლის 80-მდე ვერსია შემოგვრჩა. მომხსენებელი  განიხილავს ამ  ლეგენდის არქეტიპულ წყაროებს და  ადამიანური ვნების  ღრმა სტრუქტურას. 

ეს ლეგენდა წარმოაჩენს რა ადამიანური სიყვარულის  ბნელ აჩრდილოვან მხარეებს, წარმოადგენს შუასაუკუნეების ნორმებისადმი  შეურიგებელ ბრძოლასა და  სულის ტანჯვის დიაგნოზს. ეს  მარადიული სულიერი ტანჯვა კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს  და  მკურნალობას საჭიროებს. ამ ლეგენდის ფსიქოლოგიური ანალიზის დროს მრავალი კითხვა ჩნდება: ლეგენდა უბრალოდ ღალატს გამოხატავს თუ არშემდგარ  სიყვარულს? თუ ეს ამბავია უიღბლო შეყვარებულზე, რომელიც დიდი დედის ხატმა შთანთქა, რატომ მთავრდება რომანტიკული სიყვარული ტრაგედიით? როგორ უნდა ვადიდოთ ეროსი, რომელიც სიყვარულის სახელით სამეფოებს ანგრევს, ანადგურებს ადამიანის ღირსებას და ქორწინებას? შესაძლებელია თუ არა ეროსის კულტივირება და მისი მორგება მიწიერი ცხოვრებისათვის,  თუ მისი ელექსირი წამლავს  ორ ადამიანს შორის ურთიერთობებს?      
         
შესაძლებელია, რომ მის ფარულ მიზანს წარმოადგენდეს  დღევანდელ სეკულარულ საზოგადოებაში ადამიანის  ტრანაცენდენტურ სამყაროსთან დაახლოება,  მაგრამ გვაქვს თუ არა ის შინაგანი  სულიერი ძალა,   რომ დავიტიოთ ეს საიდუმლო?! შუასაუკუნეებში მითური, ლიტერატურული და რელიგიური სიმბოლოებისგან ექსტრაორდინარული სინკრეტული კომპოზიცია შეიქმნა, რომლის ფესვები უფრო ადრინდელ ხანაში გვხვდება. სიყვარულის ეს ჰიმნი  ისე გარდაქმნის ადამიანის გულს,  რომ იგი შეეცდება კაცთა მოდგმის მრავალსაუკუნეობრივი ოცნება - გამთლიანება აიხდინოს.
ჯონ ჰილი, ფილოსოფიის დოქტორი, ფსიქოანალიტიკოსი და პედაგოგია.

მან ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა, აგრეთვე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში ჯონ ჰილს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კელტურ მითზე, ჯეიმს ჯოისზე, ქრისტიანულ მისტიციზმზე, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე, იუნგის წითელ წიგნზე  სიზმრებზე  და სხვ.

ბანერები