ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე“

ღონისძიებები

9 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დისკუსიაზე „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე”.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებას. უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრებს გამომძიებელი ჟურნალისტი, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის“ წარმომადგენელი არტემ ბაბაკი, ხოლო ლიეტუვას ტროლებთან ბრძოლის გამოცდილებაზე – ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) წარმომადგენელი, ინტერნეტ-აქტივისტი გიედრიუს საკალაუსკასი.

დასასრულს გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე. 

ღონისძიებას, რომელიც ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის“ ფარგლებში, მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

სპიკერების შესახებ

გიედრიუს საკალაუსკასი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ლიეტუველი ექსპერტი, კრემლის ტროლებისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში 2014 წლიდან ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) საქმიანობას ხელმძღვანელობს.

არტიომ ბაბაკი, უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი, მედიაწიგნიერებისა და ფაქტების გადამოწმების ექსპერტი, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინაში” მუშაობს. წარსულში იგი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ვებპორტალ StopFake.org-ის ექსპერტი და ტრენერი.

ელჩი დავით (ვასილ) სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 2001-2003 წლებში იგი იყო ნატოს სტიპენდიატი და ფულბრაითის მიწვეული ლექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა ელიოტის სკოლაში,      (ვაშინგტონი).  არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი, მათ შორისაა: „ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის ანალიზი”, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. დავით სიხარულიძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში და ფსიქიატრისა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. აქვს მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე – იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი (დეკემბერი, 2008 – აგვისტო, 2009), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში (დეკემბერი, 2005 – დეკემბერი, 2008) და სხვ.   

 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 9 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები