ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტის დევიდ მაკკროუს საჯარო ლექცია - "Fake News და მედია თავისუფლება"

ღონისძიებები

31 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მთავარი იურიდიული მრჩეველის მოადგილის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორის, დევიდ მაკკროუს საჯარო ლექცია თემაზე: „FAKE NEWS (ყალბი ამბები) და მედიის თავისუფლება“.

ლექცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის  „კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ ფარგლებში.

მომხსენებლის შესახებ

დევიდ მაკკროუ, გამორჩეული ამერიკელი იურისტი, მსოფლიოში წამყვანი გაზეთის, The New York Times-ისა და მისი news room -ის (ახალი ამბების განყოფილების) იურიდიული მრჩეველია. ბოლო 17 წლის განმავლობაში სამართლებრივი დავებისას The New York Times-ს წარმოადგენს აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ. 

დევიდ მაკკროუ არის ავტორი წიგნისა “Truth in Our Times: Inside the Fight for Press Freedom in the Age of Alternative Facts” (St. Martin’s 2019). წიგნში მოთხრობილია იმ სამართლებრივი ბრძოლების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს The New York Times-ის მიერ დონალდ ტრამპის, ჰარვი ვაინშტაინის, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემატიკისა და ამერიკული პარტიული დაპირისპირების გაშუქება დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის ერაში.

მისი დახმარებით The New York Times-ს მოგებული აქვს 60-ზე მეტი სარჩელი, რომელთა მეშვეობით ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე გაზეთმა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე წვდომის უფლება მოიპოვა.

მაკკროუ ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. მან სხვადასხვა დროს განათლება მიიღო ილინოისისა და კორნელის უნივერსიტეტებსა და ალბანის სამართლის სკოლაში.

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ღია საზოგადობის ფონდის,  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 31 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები