„ჩვენი ოთახი“ – ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები ილიაუნიში
ღონისძიებები
8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით.
გარემოში, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის, ქალთა ისტორიული გამოცდილების, ზრუნვის პრაქტიკის, სხეულებრივი ავტონომიის, ძალადობის ამოცნობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ.
8-16 ივნისს გაიმართება 4 თემატური შეხვედრა:
8 ივნისი, 14:00 საათი – ლექცია „ქალთა მოძრაობის ისტორია დასავლეთსა და საქართველოში“
მომხსენებელი: ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა უფლებადამცველი, მკვლევარი, ტრენერი
ლექცია-დისკუსია დაეთმობა ქალთა მოძრაობის ისტორიულ განვითარებას. შეხვედრის მიზანია გააქარწყლოს მითი, თითქოს ფემინიზმი და ქალთა უფლებრივი თანასწორობის იდეები საქართველოში მხოლოდ 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. მონაწილეები იმსჯელებენ XIX–XX საუკუნეების ქართულ ფემინისტურ აზროვნებაზე, პირველი რესპუბლიკის პერიოდზე, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოსტსაბჭოთა გამოწვევებზე.
9 ივნისი, 14:00 საათი – ლექცია „ქალის სახე და სიმბოლიკა უძველეს შუამდინარულ ცივილიზაციებში“
მომხსენებელი: ნონა ღურჭუმელიძე, თსუ-ის მაგისტრანტი ასირიოლოგიის მიმართულებით
მომხსენებელი განიხილავს, როგორ აღიქვამდნენ ქალს წინაბერძნულ და პრექრისტიანულ შუამდინარულ კულტურებში. მსმენელს გააცნობს იშთარის სახესა და სიმბოლიკას, ასევე ენჰედუანას, ლიტერატურის ისტორიაში პირველ ცნობილ ავტორს, და მის ნაწარმოებს „ჰიმნებს იშთარის მიმართ“.
11 ივნისი, 12:00 საათი – ღია სესია „პარტნიორის მხრიდან ძალადობის (IPV) გააზრება და მასზე რეაგირება“
ფასილიტატორი: სალომე შიუკაშვილი, ფსიქოლოგი
ღია სესია დაეთმობა პარტნიორის მხრიდან ძალადობის საკითხის ფსიქოსოციალური კუთხით განხილვას. შეხვედრა მოიცავს დიალოგს, რეალური შემთხვევების განხილვასა და აუდიტორიის აქტიურ მონაწილეობას.
16 ივნისი, 14:00 საათი – ვორკშოპი Power Hour ქალთა გაძლიერებისა და უსაფრთხოების საკითხებზე
ტრენერები: ნატალი გოგინაშვილი, მზეო კანდელაკი – ორგანიზცია „ფუსფუსი“
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან თავდაცვის საბაზისო პრინციპებს, სხეულის ენას, ხმის გამოყენებას, ვერბალურ თავდაცვას, პირადი საზღვრების მკაფიოდ გამოხატვასა და საფრთხეზე სხეულის ავტომატურ რეაქციებს.
შეხვედრების ხანგრძლივობა 2 საათია.
სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან მინიმუმ სამ შეხვედრას ქალთა გაძლიერებისა და ფემინისტური ზრუნვის პრაქტიკების მიმართულებით, გადაეცემათ სერტიფიკატი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/18G1XRaApJXEi2vB6
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8, 9, 11, 16 ივნისი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
2026