ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომრის ,,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ, ტიმოთი ბლაუველტი, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.

15 ივლისს, 18:30 საათზე, ადრიან ბრისკუ, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას. 

ჟურნალის სპეციალური ნომრის წარდგენა დაგეგმილია კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტისა (ARISC) და ამერიკული საბჭოების (American Councils) თბილისის სამუშაოების პროექტის 2020 წლის საგაზაფხულო სერიის (Works-in-Progress series) მე-15 სესიის ფარგლებში. წელს სერიების 10 წლისთავი აღინიშნება. 

ამ კვირის მოხსენების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალ სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით იგეგმება. 

კორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიების ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე georgia@arisc.org.

მოხსენების შესახებ

„ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ სპეციალური ნომრის მომზადება“

ადრიან ბრისკუ, კარლის უნივერსიტეტი, პრაღა, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

დრო: 15 ივლისი, ოთხშაბათი, 18:30 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე მოკლე პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ამიერკავკასიის კომისარიატის და მომდევნო თვეებში სეიმის ერთობლივი ფედერაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) გამოაცხადეს. შიდა დაძაბულობის შედეგად ჩამოშლილი ცარისტული იმპერიის ნანგრევებიდან პირველი მსოფლიო ომით განპირობებულ ჯერ კიდევ რთულ გარემოში აღმოცენებული ადფრ-ი, რომელიც ამავდროულად ოსმალების არმიის შემოსევისა და საბჭოთა რუსეთის მზარდი ამბიციის უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, იმ დროის აქტორებსა და მოგვიანებით რეგიონის მკვლევრებს უნიკალურ, შემთხვევით და დანამდვილებით განუმეორებელ წარმონაქმნად ესახებოდათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადფრ-ს ისტორიული აქტორები და მოგვიანებით რეგიონით დაინტერესებული ისტორიკოსები და მკვლევრები შემთხვევითი გარემოებების შედეგად წარმოშობილ უნიკალურ პოლიტიკურ ფენომენად წარმოადგენდნენ, ამ დრომდე სისტემურად არ არის შესწავლილი მისი ჩამოყალიბების განმაპირობებელი გარემოებები, პოლიტიკური დისკურსები, რომლებიც აძლიერებდა ან, პირიქით, სადავოს ხდიდა მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე პოლიტიკური აქტორებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების/სახელმწიფოების პოზიციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური ნომრის მიზანია რეგიონით დაინტერესებულ მკითხველებს შესთავაზოს ადფრ-ის ყოვლისმომცველი ისტორიული მიმოხილვა ერთდროულად რამდენიმე პერსპექტივიდან, რაც შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემით იქნება შესაძლებელი: რას წარმოადგენდა ადფრ? ვინ და როგორ ჩამოაყალიბა იგი? შესაბამისი პოლიტიკური ძალებიდან რეალურად ვინ იყო დაინტერესებული ადფრ-ის არსებობით?

ჟურნალის Caucasus Survey სპეციალურ ნომერში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გარდა ადფრ-ის უნიკალურობისა და შემთხვევითობისა, რაც ხაზგასმულია ამ საკითხზე დღეისათვის არსებულ ლიტერატურაში, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ყველა მხარეს/ძალას (ადგილობრივ აქტორებსა და დიდ სახელმწიფოებს) სხვადასხვა დროს საკუთარი მიზეზები და მოტივაცია ჰქონდა ადფრ-ის ან მისი ფედერაციული და კონფედერაციული ჩარჩოს არსებობის სასარგებლოდ. მათ ფართო და პოლიტიკურად გაერთიანებული რეგიონი (გეო)პოლიტიკურად, განვითარების პერსპექტივითა და იდეოლოგიურად უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოედგინათ, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე. 

მოხსენებაში განხილული იქნება სპეციალური ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე ის ძირითადი საკითხები და არგუმენტები, რომელთა მკითხველისთვის გაცნობასაც ითვალისწინებს გამოცემა.

ადრიან ბრისკუ ინტელექტუალობის და შეპირისპირებითი ისტორიის სპეციალისტია. იგი პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და კავკასიის საკითხებზე მუშაობს. ამავდროულად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია შეპირისპირებითი ისტორიის მიმართულებით. ბრისკუს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორიან და რეცენზირებულ ჟურნალში ევროპული იდენტობის, პოლიტიკური ეკონომიკისა და მეცხრამეტე საუკუნის ოსმალეთისა და რუსეთის, ასევე თანამედროვე ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტებში რეფორმებისა და იმპერიის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ალბანეთსა და საქართველოზე ამახვილებს. ავტორია ორი მონოგრაფიისა: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe, 1878-2008 (New York: London, Berghahn Books, 2013) და Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (London: Bloomsbury Academics, 2017).


მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება ვირტუალურ ფორმატში წარიმართება, ჩეთამ ჰაუზის (Chatham House) წესების შესაბამისად, რომელსაც სერიები ეყრდნობა, მოხსენება არ ჩაიწერება. აქვე ვთხოვოთ სხვა მონაწილეებსაც, თავი შეიკავონ მოხსენების ჩაწერის და/ან გავრცელებისგან. 


სამუშაოების პროექტის სერია (WiP) მიმდინარე აკადემიური სადისკუსიო ლექციათა სერიაა, რომელიც თბილისში, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის ახალ შენობაში (ლიზიკო ქავთარაძის ქ. N16) ტარდება. პროექტი ხორციელდება კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC), საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) თანაორგანიზებით.

ყველა სადისკუსიო შეხვედრა უფასოა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. 

ბანერები