ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ბიზნეს ქეისები 2011” - დაჯილდოების ცერემონია

ღონისძიებები

8 ივლისს, 11.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება პროექტ ”ბიზნეს ქეისები 2011” დაჯილდოების ცერემონია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით უკვე მეორედ განხორციელდა პროექტი “ბიზნეს ქეისები 2011”, რომელიც სამი თვის განმავლობაში – მარტიდან ივლისამდე – მიმდინარეობდა. პროექტი არის ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროექტი მონაწილეებს ეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგვასა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობაში.

წელს პროექტში 54 (ადრინდელზე ორჯერ მეტი) გუნდი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც.

„ბიზნეს ქეისები 2011“ სამ ტურად გაიმართა, პირველი ტური კი – სამ ეტაპად.

ჯამური ქულების მიხედვით, ნახევარფინალში გადავიდა 28 გუნდი, ხოლო ფინალში – 14 გუნდი. გუნდებს აფასებდა ოთხწევრიანი ჟიური, რომლის ერთი წევრიც პერიოდულად იცვლებოდა, სამი მათგანი კი მუდმივად იყო ჩართული პროექტში. თითოეულ ეტაპზე დალუქულ კონვერტში მოთავსებული 3-3 ქეისიდან სტუდენტები ირჩევდნენ 2-2-ს (ინფორმაიცა შედეგების შესახებ იხილეთ www.iliauni.edu.ge).

განხილული იყო უნივერსიტეტის ლექტორების მიერ ქართული და უცხოური მაგალითების მიხედვით შემუშავებული ქეისები.

გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოებისას გახდება ცნობილი და მათ გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. ასევე გამოვლინდება თბილისი-ლონდონი-თბილისის 2 ბილეთის მფლობელი. ეს პრიზი British Midland International (BMI)-მა დააწესა. ორი კომპანია – „კულა“ (დირექტორი ვანო გოგლიძე, „კულას“ პრემიუმ წვენების ხაზი – ეტალონი ეფექტი) და „თრეიდ ენდ დეველოპმენტ ჯგუფი“ (დირექტორი ნუკრი თოდრაძე) გამოავლენს ფავორიტებს – ორიგინალური იდეების წარმომდგენ გუნდებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, „ჯორჯიან უოთერ ფაუერი“ GWP, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ადმინისტრაცია და სხვა.

ბიზნეს ქეისების საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო ტელ.: 5 77 23 73 84 - სალომე

ბანერები