ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბერილ ოქაქლის საჯარო ლექცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

17 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ბერილ ოქაქლის საჯარო ლექცია: „სამთო მრეწველობასთან დაკავშირებული კონფლიქტები ყირგიზეთში: ურთიერთდაკავშირებულ ეკოლოგიურ-ინდუსტრიულ ტრანზაქციათა თავისებურებები და მათი როლი ინსტიტუციების, როგორც საერთო ფასეულობათა, ჩამოყალიბებაში“.

მთელ მსოფლიოში სამთო მრეწველობასთან დაკავშირებული კონფლიქტების ზრდასთან ერთად მრეწველობაში მაბალანსებელი ფაქტორების შემსწავლელ სწავლულთა რიცხვიც იზრდება. თუმცა ინტეგრაციული, სოციალურ-ეკონომიკური სისტემური მიდგომა არასაკმარისია. კვლევის მიზანია, ნელ-ნელა აღმოცენებულ ინტერდიციპლინურ ლიტერატურას ხელი შეუწყოს როგორც თეორიულად, ასევე ემპირიულად ყირგიზეთში სამთამადნო მრეწველობასთან დაკავშირებულ კონფლიქტთა გაანალიზებით. ყირგიზეთი დიდი რესურსის მქონე ეკონომიკურად ერთ-ერთი სუსტი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მოპოვებაზე მოდის ქვეყნის ექსპოტის თითქმის 50%, ქვეყანამ ვერ მოახერხა მინერალური სიმდიდრის მდგრადი ზრდა-განვითარების საშუალებად გამოყენება. არეულობა და კონფლიქტი ჩვეულებრივი მოვლენაა სექტორში, რაც, რასაკვირველია, საფრთხეს უქმნის მის შემდგომ განვითარებას. ნაშრომში შესწავლილია სამთო მრეწველობასთან დაკავშირებულ კონფლიქტთა დინამიკა ინსტიტუციური ეკონომიკის პერსპექტივიდან და გაანალიზებულია ტრანზაქციათა და ინსტიტუციების თავისებურებებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. წარმოდგენილია ურთიერთდაკავშირებული ეკოლოგიურ-ინდუსტრიული ტრანზაქციები, როგორც ანალიზის ერთეული სამთო მრეწველობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლისთვის, ასევე – თეორიული ჩარჩო, რომელშიც ურთიერთდაკავშირებული ეკოლოგიურ-ინდუსტრიული ტრანზაქციებისა და ინსტიტუციების თავისებურებები თუ მახასიათებლები, როგორც საერთო ღირებულებები, ინტერაქციაშია და იძლევა ბიძგს კონფლიქტის ან თანამშრომლობის დასაწყებად.

მომხსენებლის შესახებ

ბერილ ოქაქლი არის ტრანსდისციპლინური მეცნიერების პროფესიონალი და დოქტორანტი, მკვლევარი. სადოქტორო კვლევა 2015 წლის ივნისში ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დაიწყო, ასევე განაგრძობს მუშაობას გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციაში რეგიონურ პროექტზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით ცენტრალური აზიის სამთო სექტორში.

ბერილს 10 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილება აქვს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოში  ის ხელმძღვანელობდა არაერთ პროექტს კერძო სექტორის განვითარების დარგში გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 17 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები