ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასისტენტ-პროფესორ ბიძინა კაპანაძის საჯარო ლექცია: ლაცერტიდების შესწავლა მაღალ ენერგიებზე თანამგზავრ „სვიფთის“ მეშვეობით

ღონისძიებები

პარასკევს, 15 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ბიძინა კაპანაძესთან.

შეხვედრის თემაა: ლაცერტიდების შესწავლა მაღალ ენერგიებზე თანამგზავრ „სვიფთის“ მეშვეობით

ლაცერტიდები ქმნიან გალაქტიკათა აქტიური გულების ექსტრემალურ კლასს, რომლებშიც მიმდინარეობს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალენერგიულსა და არასტაციონარულ პროცესებზე დაკვირვება.

გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი მათი ფიზიკური ბუნებისა და  დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ნიშან-თვისებების  სრულყოფილად ასახსნელად. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრომაგნიტური სპექტრის რენტგენული და გამა-უბნები, სადაც დაკვირვებითი მასალის მიღება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და გადასაჭრელ- პრობლემები ყველაზე მრავალრიცხოვანია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული №FR/377/6-290/14 პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს თანამგზავრ "სვიფთის" მეშვეობით ლაცერტიდების დაკვირვება სპექტრის რენტგენულ უბანში და მიღებული (ასევე საარქივო) მასალის დამუშავება, ანალიზი და ინტერპრეტაცია.

დრო: 15 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები