


აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო შეხვედრა
ღონისძიებები
პარასკევს, 1 ოქტომბერს 16:00 საათზე, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის კონსული პატრიკ უინგეითი გამართავს პირველ საინფორმაციო შეხვედრას მწვანე ბარათის ლატარიის ახალ გათამაშებასთან დაკავშირებით. მწვანე ბარათის ლატარიის მონაწილეებს აშშ-ში ლეგალური იმიგრაციის საშუალებას აძლევს. გამარჯვებულს ავლენს კომპიუტერი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც აშშ-ში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღება დაიწყება სამშაბათს, 5 ოქტომბერს და დასრულდება ოთხშაბათს, 3 ნოემბერს. ერთადერთი ვებ-გვერდი, საიდანაც თქვენი განაცხადის გაგზავნა შეიძლება, არის www.dvlottery.state.gov. მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანა სრულიად უფასოა. 2011 წლის 1 მაისიდან, მხოლოდ www.dvlottery.state.gov ვებ-გვერდზე შეგეძლებათ შეიტყოთ გაიმარჯვეთ თუ არა ლატარიაში. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება იმ სარეგისტრაციო ნომრის მითითება, რომელიც განაცხადის შეტანისას მოგენიჭათ. ლატარიაში გამარჯვებულებს ინფორმაცია არ გაეგზავნებათ არც ელექტრონული და არც ჩვეულებრივი ფოსტით.
აშშ-ის საელჩო დაბეჯითებით გირჩევთ, არ ისარგებლოთ კერძო საშუამავლო კომპანიების, ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისათვის განაცხადის შევსებისას. ამ კომპანიების მომსახურება სრულიად ზედმეტია. მათი საქმიანობა ხშირად თაღლითობასთანაა დაკავშირებული. პირი, რომელიც შუამავალი კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა, ვერ მიიღოს აშშ-ის ვიზა.
მომდევნო საინფორმაციო სეხვედრები გაიმართება ქუთაისში, თელავსა და რუსთავში. მწვანე ბარათის ლატარიის შესახებ უახლესი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://georgia.usembassy.gov.