ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში გამართავს ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაციას. წიგნი საფრანგეთში გამომცემლობა L'Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე, საფრანგეთში მოღვაწე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა. ანთოლოგიაში შევიდა ლია სტურუას, მაია სარიშვილის, ელა გოჩიაშვილის, რუსუდან კაიშაურის, დიანა ანფიმიადის, ეკა ქევანიშვილის, ლია ლიქოკელის, ლელა ცუცქირიძის, ირმა შიოლაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლელა სამნიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ნატო ინგოროყვას, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას ლექსები.

წიგნი გამოიცა მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელშეწყობით.

„ისინი თხუთმეტნი არიან, თხუთმეტი ქალი, დაბადებული პატარა საქართველოში, არც ისე კარგად ცნობილ, მაგრამ უძველესი ცივილიზაციების ქვეყანაში. ისინი არიან ჟურნალისტები, მწერლები, მასწავლებლები, მთარგმნელები, მხატვრები, დრამატურგები და წარმოადგენენ მრავალ თაობას (ყველაზე ასაკოვანი 1939 წელს არის დაბადებული, ყველაზე ახალგაზრდა კი 1986 წელს). რამდენიმე მათგანი პროზაული ტექსტებით, წერილებითა და ესეებითაცაა ცნობილი. მათი ლექსები მათ ცხოვრებას ეძღვნება, მათ ქვეყანას, მათ ზღვას და მთებს, უნივერსალურ მითებს, რომლებიც ხშირად მათთან განუყრელ კავშირშია: განა საქართველოში არ გვეგულება ოქროს საწმისი?! ეს ავტორები წერენ ომზეც, ჭრილობებზეც, ცრემლებზეც, სიკვდილზეც, მაგრამ ასევე ნუგეშზე, „გიჟებსა" და „ნორმალულებზე“, სიჩუმის ხმაზე, სიყვარულსა და მის არარსებობაზე. და თუ საქართველო ასე შორს გვეჩვენება, სამაგიეროდ, იგი ოდნავადაც არ არის მოწყვეტილი (პირიქით) ევროპულსა და ანტიკურ კულტურას, რაც მუდმივად გამოსჭვივის ამ კრებულის ლექსებიდან. ცხადია, ჩვენი პოეტები სიტყვებზე ლაპარაკობენ, უპირველესად სიტყვებზე, სიტყვათა გამოძახილზე, ყველა სიტყვაზე, „ნაპოვნსა თუ დაკარგულზე“, – ნათქვამია კრებულის ანოტაციაში.

დრო: 2021 წლის 30 მარტი, 17:00 საათი

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს: https://bit.ly/3ctqKpj

Meeting ID: 821 7548 6280

Passcode: 253173

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები