ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ამერიკის ფედერალური მოსამართლის, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ამერიკის ფედერალური მოსამართლის, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექციაზე.

ლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 11 ნოემბრისა (23:59 საათი).

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tinyurl.com/3mh2v5fh

გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 რეგისტრირებული პირი, რომლებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი, ამასთან აკმაყოფილებენ / დააკმაყოფილებენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქმედ მოთხოვნებს. *

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები 12 ნოემბერს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:

  • შეხვედრის ბმულს დისტანციურ ფორმატში მონაწილეობისთვის;
  • შეხვედრის ადგილს ფიზიკურად დასწრებისთვის.

მომხსენებლის შესახებ

მოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონი ფლორიდის შუა ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლედ 2004 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა. მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა თანამდებობაზე დაამტკიცა. ის გახდა პირველი ლათინო ამერიკული წარმოშობის მოსამართლე, რომელმაც ფლორიდის შუაოლქში ეს თანამდებობა დაიკავა. ვირჯინია ქოვინგთონს აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა მოსამართლეებთან ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისეთ თემებზე, როგორებიცაა სასამართლო ეთიკა და სასამართლო მენეჯმენტი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის – გამორჩეული სამსახურისა და მრავალწლიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.

ლექციის შესახებ

საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ლექციაზე მოსამართლე ქოვინგთონთან ერთად ვისაუბრებთ დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე, მიმოვიხილავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიას და მოსამართლე უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.

მოდერატორი

თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 13 ნოემბერი, 16:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული


*ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აუცრელი პირები ლექციაზე დაიშვებიან ადგილზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ტესტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი. საჭიროებისას სწრაფი ტესტირება ჩატარდება ორგანიზატორის ხარჯით. სწრაფი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ 15:30 საათზე გამოცხადდეთ უნივერსიტეტში, მეილზე მიღებულ მისამართზე.

2021 წელი

 

ბანერები