ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ამერიკელი ექსპერტის, ჯეიკ დელფიას საჯარო ლექცია: „ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული დაგეგმვა“

ღონისძიებები

23 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ეგიდით, საჯარო ლექციას წაიკითხავს ამერიკელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ჯეიკ დელფია.

მოხსენების თემაა: „ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული დაგეგმვა“.

ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული დაგეგმვა არის ინოვაციური მიდგომა ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე გარემოში სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგიების განვითარება და ახლებური საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება, მომხმარებელთა მეტი ჩართულობით, რადიკალურად ცვლის ენერგეტიკული სისტემების და ბაზრების სურათს, რაც სექტორის მომავალი განვითარებისადმი ახალ და განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. მოხსენებაში საუბარი იქნება მზის, ქარის და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების გამოყენების თანამედროვე ტენდენციებზე, ელექტრომობილებზე, ჭკვიან მრიცხველებზე და აკუმულატორებზე, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების ასპექტებზე, ენერგოეფექტურ განვითარებაზე და ა.შ.

საჯარო ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია ენერგეტიკული დაგეგმვის საკითხებზე საქართველოში.

მომხსენებლის შესახებ

ჯეიკ დელფია 35 წელია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მუშაობს. ის 50-ზე მეტ ქვეყანაში უწევდა კონსულტაციას სამინისტროებს, მარეგულირებელ ორგანოებს, კერძო კომპანიებსა და ინვესტორებს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების, კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრების მოწყობის, რეგიონული ვაჭრობის განვითარების და ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხებში. მისი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, ასევე, სტრატეგიული ენერგეტიკული დაგეგმვა, მარეგულირებელთან ურთიერთობა, ინვესტიციების დაგეგმვა და ა.შ.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 23 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები