ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ამ რომანში ყველა კვდება”

ღონისძიებები

27 დეკემბერს, ხუთშაბათს, ხაზების ოფიციალურ გადატვირთვამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუსტად რვის ნახევარზე, ჰადა ჰა, რვას რომ თხუთმეტი დააკლდება, ილიაუნის B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), დაიწყება წარდგინება ბექა ადამაშვილის გაუხმაურებელი რომანისა „ამ რომანში ყველა კვდება“. წარდგინების განმავლობაში არ ისაუბრებენ და ავტორს უსაფუძვლოდ არ შეაქებენ ავტორისავე მეგობრები, ქართული ლიტერატურის მეტრები და ის დაუფასებელი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც საზოგადოებას ხშირად სხვა ადამიანებში ერევა. ასევე ნაკლებ სავარაუდოა იყოს ტორტი, რადგან წინასაახალწლოდ ზედმეტი კალორიების მიღება მიზანშეწონილი არ არის.
სამაგიეროდ იგეგმება რამდენიმე კონკურსი, გათამაშება, ნაკლებად ინტელექტუალური შეჯიბრება, გამარჯვებულებისათვის საჩუქრების გადაცემა და არაერთი სხვა სიურპრიზი იმ ადამიანებისათვის, ვისზეც ეს მარკეტინგული ხრიკი – „არაერთი სხვა სიურპრიზი“ – ჯერ კიდევ ჭრის. დასწრება შეუძლია ყველას განურჩევლად ყველაფრისა. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სიქრეთ სანტაში ისეთი ნეიტრალური თანამშრომელი ამოუვიდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა წიგნს აჩუქებს. რაღაცების გადასაფხეკად თან იქონიეთ ხურდა ფული ან თან იყოლიეთ მეგობარი, რომელიც ხურდა ფულს იქონიებს. 

დასწრება თავისუფალია, რაც ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ამის აღნიშვნა ტექსტის ლოგიკური დასასრულისთვის გახდა საჭირო.

 

 

ბანერები